რაჭაში ყურძნის მოსავალი შეუფერხებლად დაბინავდება - ლევან მეხუზლა
რთველი
09.10.2020
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და COVID-19 პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
მოსახლეობა მოსავლის დაბინავებას უკვე 10 ოქტომბრიდან შეძლებს.
„რთველის საკოორდინაციო შტაბი სრულ მზადყოფნაშია რათა რაჭაში დაიწყოს რთველი და მოსავლის ორგანიზებული დაბინავება. წელს, ბუნებრივი და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ძალიან უხვი მოსავალია, პროგნოზით, შარშანდელზე მეტი. გასული წლების მსგავსად, წელსაც არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და რთველი რაჭაშიც წარმატებით ჩატარდება. რთველის შტაბში კერძო კომპანიების უკვე შეუძლიათ დარეგისტრირება და, შესაბამისად, ხვალიდან მოსახლეობას უკვე ყურძნის კრეფაც. ტრადიციულად, ყურძნის მიღება იქნება რამდენიმე ლოკაციაზე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე.“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები იქნებიან ამპელოგრაფები, ხოლო რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.
ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.
რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, სადაც დღეის მონაცემებით, გადამუშავებულია 260 ათას ტონამდე ყურძენი.