ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

საერთაშორისო რანგის ქართველი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება

კონკურსი

საერთაშორისო რანგის ქართველი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება
10.07.2020

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო.

გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდეემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე.

კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

„წელს კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილ ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო რანგის ქართველი ღვინის ექსპერტები შედიოდნენ. ისინი თანხმდებიან, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. მისასალმებელია, რომ კონკურსზე ქვევრის ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონკურსის ჟიურის წევრმა, ლევან მეხუზლამ.

გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლომდე დასახელდება.

„კონკურსისადმი ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით პატარა მარნების მხრიდან. ბევრმა მათგანმა კონკურსზე თავისი პირველი პროდუქტი წარმოადგინა. ეს მათთვის ძალიან კარგი სტიმულია შემდგომი განვითარებისთვის. კონკურსი გვაძლევს შესაძებლობას, შევაფასოთ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვევრში წარმოებული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.

ქვევრის ღვინის კონკურსი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა. სწორედ წინანდლის პარკში მდებარეობს 1835 წელს აშენებული საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო.


ქართული ღვინო