ქვევრის ღვინის წარდგენა პოლონეთში გაიმართა
დეგუსტაცია
პოლონეთში ღონისძიება სახელწოდებით „დამზადებულია ქვევრში“ გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.
„დამზადებულია ქვევრში“ - კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შემდეგ ქართული ღვინის პირველი ოფიციალური წარდგენაა პოლონეთში. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ორგანიზებით გაიმართა. მის ფარგლებში, ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora“, ერთ-ერთ მარანში ორი ქვევრი ჩარგეს; გაიმართა დოკუმენტური ფილმის - “დამზადებულია ქვევრში” ახალი ეპიზოდის პრემიერა, რომელშიც მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურისა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ; მოეწყო როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინოების დეგუსტაცია. აქვე, ორმა პოლონელმა მეღვინემ საქართველოდან ჩატანილ ქვევრში დაყენებული საკუთარი ღვინოებიც წარმოადგინა.
ღონისძიებაში ადგილობრივი იმპორტიორები, მეღვინეები, მედიის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ქვევრის ღვინის წარდგენას მოწვეული 60-ის ნაცლად, 100-მდე სტუმარი დაესწრო.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო და ზრდა 33%-ს აღწევს.
მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა. ღვინის ინდუსტრია დაზარალდა როგორც ექსპორტის, ისე ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით გააქტიურდება.