დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახოები“ დაემატა
ზოგადი
საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახოები“ დაემატა.
„ახოები“ წითელი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. „ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.
ახოების მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, ზომიერად თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ყავისფერი, კარბონატული ნიადაგები, ვაზის ჯიშების კონკრეტულად ამ მიკროზონაში გამოვლენილი თვისებები განაპირობებს ღვინო „ახოების“ განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და გამორჩეულობას.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ა(ა)იპ „კარდენახის ღვინომ“ მიმართა. ამით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი და ახოები.
აღნიშნული ფაქტი ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.
„ახოების“ წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.