ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“

ზოგადი

გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული  ქართული ღვინის კულტურა“
20.06.2016

ღვინის ეროვნულ სააგენტოში  გამოფენა „მე-19 საუკუნის ფრანგულ ფოტოებში ასახული ქართული ღვინის კულტურა“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმებსა და არქივებში დაცული ფოტოები ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ. გამოფენის ორგანიზატორია კულტურული მემკვიდრეობის კურატორი ანა ჭეიშვილი.

გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

აღნიშნული ფოტოების ნახვის შესაძლებლობა ქართველ დამთვალიერებელს პირველად მიეცა. 

იმ ევროპელ მკვლევართა შორის, რომლებიც საქართველოში მე-19 საუკუნის მანძილზე მოგზაურობდნენ, ყველაზე მეტად სწორედ ფრანგები დაინტერესდნენ  ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესწავლით. ამას მოწმობს საფრანგეთის არქივებში დაცული მასალები: ფოტოები, ეთნოგრაფიული ჩანაწერები და ექსპედიციების ანგარიშები. აღნიშნული ფოტოების ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა მნიშვნელოვანია ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებზე ასახულია რთველი, ღვინის დაწურვა, ღვინის მნიშვნელობა სადღესასწაულო სუფრაზე, თიხის სხვადასხვა საღვინე ჭურჭელი, ქვევრები და ა.შ. ფოტოებს ანოტაციების სახით თან ერთვის ფრანგი ავტორების მიერ გაკეთებული ეთნოგრაფიული ჩანაწერები.

აღნიშნული გამოფენა წარმოდგენილი იყო პარიზში, მიმდინარე წლის 28 აპრილს, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIV), სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენამ OIV-ის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 

გამოფენა 8 ივლისამდე გაგრძელდება.

ქართული ღვინო