„ქართული ღვინის ფესტივალი“ ჰონგ-კონგში გაიმართა
ფესტივალი
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის პროდუქცია და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროების ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის. დებრა მეიბურგის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო და იგი დაგეგმილ დროზე დიდხანს გაგრძელდა.
ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქართული ღვინის წარდგენას ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნების ქალაქებში ითვალისწინებდა. ფესტივალი უკვე გაიმართა სამხრეთ კორეის დედაქალქ სეულში, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ფუძიანისა და სიჩუანის პროვინციებში.