ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

მარნეულში ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ გაიმართა

ფესტივალი

მარნეულში ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ გაიმართა
10.10.2019

ღვინის ფესტივალი „მარნეული - ვაზის აკვანი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა მიულოცა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მარნეულია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიური კერა, აქ არის აღმოჩენილი ის უძველესი ექსპონატები, რომლებმაც მეცნიერებს ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს, ღვინის ზეიმმა კვირეულის სახე მიიღო. 2018 წლიდან კი, ქართული ღვინის დღეები სახელწოდებით - „ღვინობისთვე“ უფრო მასშტაბურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

„ღვინობისთვე 2019“-ის ფარგლებში, ღვინის ფესტივალი უკვე გაიმართა თელავში, ხოლო 12 ოქტომბერს ღვინის ფესტივალებს თბილისი და გურჯაანი უმასპინძლებს.

ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე დაესწრო.

ქართული ღვინო