ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინო სან-სებასტიანის გასტრონომიულ გამოფენაზე იყო წარდგენილი

გამოფენა

ქართული ღვინო სან-სებასტიანის გასტრონომიულ გამოფენაზე იყო წარდგენილი
09.10.2019

ქართული ღვინო ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანის მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე ,,San Sebastián Gastronomika 2019” ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იყო წარმოდგენილი. ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ბასკეთის მთავრობამ გამოფენაზე საქართველოს უსასყიდლოდ გამოუყო სტენდი. 

,,San Sebastián Gastronomika”  ყოველწლიური ღონისძიებაა და მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბურია მონაწილე ქვეყნებისა და პროფესიონალ დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით. მასზე თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი შეფ-მზარეულები, კულინარები, ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიულია და მასში მონაწილოება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, გამოფენის ტერიტორიაზე არსებულ ბასკურ რესტორანში სამი დღის განმავლობაში, თითოეული კულინარიული ღონისძიების წინ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ქართული ღვინო