ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

კახეთში 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

რთველი

კახეთში 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა
02.09.2019

2 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 5,5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 2 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათასი ტონა რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში  25 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში  100 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან. 
რთველის პროცესი მიმდინარე კვირიდან უფრო გააქტიურდება.
წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველის პროცესში სახელმწიფო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობისა და ორგანიზებულად დაბინავების მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში. მისი თქმით, თუ ბაზარზე ჭარბი ყურძენი იქნება, ამ მიმართულებით რისკები და მევენახეების ინტერესები დაცულია და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

ქართული ღვინო