Marq Energie-ის წარმომადგენლები საქართველოში
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Marq Energie-ის (აშშ) წარმომადგენლები საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვივნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებმა თბილისში, კახეთსა და ქართლში მოინახულეს ღვინის კომპანიები.
Marq Energie-ის წარმომადგენლებმა ქართველ მეღვინეებთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ქართულ ღვინის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, ერთობლივად იმსჯელეს იმ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, დააგემოვნეს ქართული ღვინოები და კერძები, ესტუმრნენ თბილისში გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“.
აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყანა გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე.