წითელი ღვინოების დეგუსტაცია ბალტიისპირეთში
ზოგადი
ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსსა და ქალაქ კაუნასში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები სახელწოდებით „წითელი ღვინოები საქართველოდან“ გაიმართა. ვილნიუსში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა ლიტვაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ხათუნა სალუქვაძე.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ ლიტვის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი არუნას სტარკუსი და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია.
„დეგუსტაციების მიზანია, ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებში ქართული ღვინოების ცნობადობის გაზრდა სტილის, ჯიშობრივი მრავალფეროვნებისა და სხვა თვისებების მიხედვით. ბალტიისპირეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული საექსპორტო ბაზარია. მარკეტინგული გეგმის თანახმად, წლის განმავლობაში ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვების გაზრდას ამ ქვეყნებში“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
პრეზენტაცია-დეგუსტაცია გათვლილი იყო ადგილობრივ იმპორტიორებზე, სომელიეებსა და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებზე. ინიციატივა, რომ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ყოფილიყო მხოლოდ წითელი ღვინოები, მოდიოდა ლიტვის სომელიეთა ასოციაციიდან, რაც მათი აზრით, ღონისძიებას უფრო საინტერესოს გახდიდა. წლის განმავლობაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ღვინის პროფესიონალებსა და მოყვარულებს შესაძლებლობა მიეცემათ დააგემოვნონ ასევე ქართული თეთრი ღვინოებიც.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „შალვინო“, „ქართული ღვინის სახლი“, „ლუკასი“, „კახური“, „ქართული ლეგენდები“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“, „ვინივერია“ და „უსახელაური“. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინა ქართული, სხვადასხვა დასახელების წითელი ღვინოები: საფერავი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ალაზნის ველი, ქინძმარაული, ოჯალეში, უსახელაური და ოცხანური საფერე.
წითელი ღვინოების ანალოგიური პრეზენტაცია-დეგუსტაცია 7 აპრილს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.