ქართული ღვინის სახლი „თამადა“ ჩინეთში გაიხსნა
ზოგადი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინის პავილიონი „თამადა“ გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის “ჰუალინგ კორპორაციის“ პირველი მდივანი (Guo Xiang Yang) ესწრებოდნენ.
მისასალმებელ სიტყვაში გიორგი სამანიშვილმა საქართველოდან ჩინეთში ბოლო წლებში გაზრდილ ექსპორტზე გაამახვილა ყურადღება.
„ქართული ღვინისთვის ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს ექსპორტმა 2,6 მლნ ბოთლს მიაღწია, რაც 122% პროცენტით არის გაზრდილი 2014 წელთან შედარებით. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ექსპორტის ზრდასთან ერთად, ქართული ღვინის ხარისხიც შევინარჩუნოთ. მადლობა იმპორტიორ კომპანიას, რომელიც გაყიდვასთან ერთად, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციასაც ეწევა“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
პავილიონი „თამადა“ სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“ გახსნა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პავილიონს ქართული ღვინის საპრომოციო მასალა გადასცა. პავილიონში დიდი მოცულობის ქვევრი, ღვინის თემატიკის არტეფაქტებისა და ნიკო ფიროსმანის ნახატების ასლებია განთავსებული. ქართული ღვინის პავილიონი ემსახურება არამარტო ღვინის წარდგენას, არამედ ქართული კულტურისა და ადათ-წესების გაცნობას სინძიანის პროვინციის მოსახლეობისათვის. სტუმრებს, ჩურჩხელის ამოვლებისა და ხინკლის მოხვევასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართულ კულტურასა და ფოლკლორს.
ქალაქ ურუმჩიში, „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“-ის მიერ, გახსნილია 4 ქართული ღვინის სალონი, 2 ქართული ღვინისა და კულინარიის ობიექტი. ასევე, სინძიანის პროვინციის ქალაქ ინინსა და ხორგოსში აღნიშნული კომპანიისა და მისი დისტრიბუტორების ინიციატივით, 3 ქართული ღვინის მაღაზია-სალონია გახსნილი - ჯამში 9 საუკეთესო ხარისხის ობიექტი, სადაც სტუმრები ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს ეცნობიან.
ქართული ღვინის პავილიონის საზეიმო გახსნის ცერემონია, სიმბოლურად აბრეშუმის გზის პროექტის გახსნის ერთი წლის თავს მიეძღვნა.