ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა
ზოგადი
ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა 29 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, პროექტის კოორდინატორი დავით მაღრაძე, ასევე ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი მიესალმა. შემაჯამებელი შეხვედრის პირველი და მეორე დღე 2015 წლის საქმიანობის პრეზენტაციებს დაეთმო, შემდგომ დღეებში მუშაობა გაგრძელდა სხვადასხვა თემატურ ჯგუფში. საქართველოში სტუმრობის პერიოდში სტუმრებმა დაათვალიერეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებული ღვინის ცენტრი, სოფლის მეურნეობის სამცენიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობა, სადაც ასევე გაიმართა ქართული ღვინოების დეგუსტაცია.
ქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასა.
„პროექტის ფარგლებში დიდი სამუშაოებია ჩატარებული და ვიმედოვნებთ, რომ 2016 წლის ბოლოს გვექნება კონკრეტული შედეგები, რომლის წარდგენაც შეგვეძლება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“ - აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტის მიზანი უძველესი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის ახალი მეცნიერული მასალით შევსებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართული იყოს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ლაბორატორია, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ექსპერტი, რათა მოხდეს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის მაქსიმალური პოპულარიზაცია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, მათ შორის ჩვენს პოტენციურ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო უნდა შევიდეს როგორც გამორჩეული, განსახვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნის ღვინო“ - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
პროექტის კოორდინატორმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ემსახურება საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის ხანგრძლივობის ჩვენებას.
„ეს კულტურა დაიწყო 8 ათასი წლის წინ და ამ ისტორიის მანძილზე თანმდევი იყო ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. კვლევებში ჩართული არიან თანამედროვე წამყვანი ინსტიტუტების მეცნიერები. პროექტი შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია მსოფლიოს საქართველოს ვაზისა და ღვინის უძველესი კულტურის შესახებ. მოპოვებულია მთელი რიგი სამეცნიერო შედეგები, რომლის შეჯამებაც მოხდება 2016 წელს“ - აღნიშნა დავით მაღრაძემ.
სააგენტომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის“ პროექტი 2014 წელს დაიწყო, რომლის განხორციელება მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც მევენახეობისა და მეღვინეობის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წარმოჩენას, მისი ისტორიის უწყვეტობის აღდგენას, მდიდარი მემკვიდრეობის ჩვენებას ქართველი და უცხოური ინსტიტუტებისა და მკვლევარების ერთობლივი კვლევების შედეგად.
პროგრამა 3-წლიანია და მის ფარგლებში ხორციელდება ახალი არქეოლოგიური გათხრების ხელშეწყობა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების სისტემატიზაცია, დათარიღება და ანალიზი, მევენახეობა-მეღვინეობის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის წარმოჩენა, თანამედროვე მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ანალიზი და ა.შ.
2015 წელს შესრულებული სამუშაოებიდან აღსანიშნავია ორი არქეოლოგიური ექსპედიცია „შულავერის კულტურის“ ძეგლზე სახელწოდებით „გადაჭრილი გორა“, სადაც მოპოვებულია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული არტეფაქტები, ლაბორატორიულად შესწავლილია „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიური ძეგლზე და „თრელიგორების“ არქეოლოგიური მარნიდან წარმოებული გათხრების დროს მოპოვებული არქეობოტანიკური და პალეობოტანიკური მასალა, ვეისმანის უნივერსიტეტის (ისრაელი) ლაბორატორიაში განხორციელდა ვაზის წიპწის 6 ნიმუშის დათარიღება, დანიის უნივერსიტეტის „GeoGenetics“ ლაბორატორიაში გაიგზავნა ვაზის წიპწები სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლებიდან და ა.შ.
პროექტი მრავალპროფილურია და ატარებს სამეცნიერო ხასიათს. მის მენეჯმენტს ახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, მასში ჩართულები არიან ქართული და უცხოური ინსტიტუტები და მკვლევარები, სხვადასხვა დარგის მეცნიერები: გენეტიკოსები, არქეოლოგები, აგრონომები, ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ა.შ. მათ შორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საფრანგეთის აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, მილანის უნივერსიტეტი, ტორონტოს უნივერსიტეტი, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორია და ა. შ.