ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ბორდოში 2017 წელი საქართველოს წლად გამოცხადდა

ზოგადი

ბორდოში 2017 წელი საქართველოს წლად გამოცხადდა
27.02.2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით  სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში  ქალაქ ბორდოში,   საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, სილვი კაზიმ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.  2017 წლის ივლისსა და აგვისტოში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში  საქართველო პირველი საპატიო სტუმარი და მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური  გამოფენის  ,,ვენახი - საქართველო“ ორგანიზატორი იქნება.

როგორც, საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, სილვი კაზიმ აღნიშნა, საამაყოა,  რომ ღვინის ცივილიზაციის  ცენტრში პირველი გამოფენა საქართველოს მიეძღვნება. ,,ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტია, რადგან საქართველო ღვინის აკვანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ გამოფენა არ იქნება. გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ საზოგადოებას უფრო ახლოს გაიცნოს ქართული ღვინო და ბრწყინვალე ქვეყანა - საქართველო“, - განაცხადა სილვი კაზიმ.

2017 წელს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის საგამოფენო სივრცე  თვენახევრის განმავლობაში მთლიანად ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის წარმოჩენა-პრეზენტაციას დაეთმობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას. გამოფენის პარალელურად, დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაციების, კონფერენციების, ფილმების ჩვენებების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა.  აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებასა და დაფინანსებას ქართულ მხარესთან ერთად, ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდი განახორციელებს. 

მასშტაბური კომპლექსი - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი, რომლის  აშენება ქალაქ ბორდოს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს, 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი. 14 ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილი ცენტრი, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებით იქნება გამორჩეული. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგში არსებული უახლესი მიღწევები. 

ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოფენის წარმატებით და მაღალ  დონეზე ჩატარების მიზნით, საქართველოში გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია უკვე შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხელმძღვანელობს.

თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მრჩეველი მერაბ მიქელაძე, საპატიო კონსული ბორდოში ალენ ღამბაშიძე და  საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბორდოში, სოფელ სენტ-ემილიონში შატო გრან მენის ვენახები დაათვალიერეს და  უმაღლესი კლასის ღვინის წარმოების ხაზს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ სენტ-ემილიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და ბორდოს რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება.

ქართული ღვინო