ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის ცენტრი გაიხსნება
ზოგადი
2016 წლის თებერვლის თვეში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ძიანსის პროვინციაში, სადაც 30 მლნ-მდე მოსახლე ცხოვრობს, ქართული ღვინის ცენტრი გაიხსენება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დღეს ძაიანსის პროვინციის „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ქართული ღვინის სახლი განთავსდება 4 ათას კვადრატულ ფართობზე, სადაც განლაგდება სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზები, მუზუემი, ენოთეკა, ქართული რესტორანი და სხვა.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში ენოთეკა და ღვინის მცირე მუზეუმი დაათვალიერეს, დააგემოვნეს ქართული ღვინოები.
2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით - ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ). ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.
ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა ღონისძიებებმა. 2015 წლის ივლისში პეკინში, გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, რომლის ორგანიზებითაც ტარდებოდა საგანმანათლებლო სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ, ეწყობოდა დეგუსტაციები, ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში მოეწყო ღვინის ტურები, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა გამართა ქართული ღვინის არაერთი პრეზენტაცია-დეგუსტაცია, ჩინურ მედიაში დაიბეჭდა ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო სტატიები და ტელევიზიებით მომზადდა სპეციალური სიუჟეტები, ქართული ღვინის აქტიური რეკლამირება ხდებოდა ადგილობრივი სოციალური ქსელების მეშვეობითაც.
გასული წლის ივლისში, ქართული ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა იმპორტიორმა კომპანიამ (Xinjiang Beifangjianda Trade Co. LTD) სინძიანის პროვინციის ქალაქ ხორგოსში, ყაზახეთი-ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში „ქართული ღვინის კულტურის საგამოფენო დაბაზი“, ხორგოსის ცენტრალურ მოედანზე „ქართული ღვინის სალონი“ და ქალაქ ინინში „ქართული ღვინის კლუბი“, ერთდოულად გახსნა.