ქართული ღვინო ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე
ზოგადი
ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა \"მწვანე კვირეული 2016\" (Gruene Woche 2016) გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია და ქართული დელეგაციის წევრები ეწრებოდნენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული სტენდია წარმოდგენილი, სადაც ქართული კომპანიები საკუთარ პროდუქციას - ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი - წარადგენენ. ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ქართული სამზარეულო ტრადიციული კერძებით - ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ა.შ. გამოფენის სტუმრებს ქართულ შემოქმედებას და მრავალხმიან ფოლკლორულ სიმღერებს ანსამბლი „შვიდკაცა“ გააცნობს.
წელს, Gruene Woche 2016-ზე საკუთარი პროდუქცია წარადგინეს ქართულმა კომპანიებმა: „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, „კულა“, „ლივო“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკი რუსა“. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული კომპანიებიც.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბერლინის საერთაშორისო გამოფენა კი, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. წელს, Gruene Woche 2016-ში 65 ქვეყნის 1600-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 400 000-ს აღემატება და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
Gruene Woche 2016-ის ფარგლებში გაიმართება მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრება. სამიტში მონაწილეობას 60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიღებს. გამოფენის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამართავს მიღებას, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის საშუალება მიეცემათ.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გერმანიის, ავსტრიის, ლატვიის, ესტონეთის, მოლდოვას სოფლის მეურნეობის მინისტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან.
2016 წელს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ერთად, გამოფენა ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას მაროკო წარმოადგენს. წელევანდელი კვირეულის ძირითად თემას ,,ურბანიზია და სურსათის უსაფრთხოება“ წარმოადგენს.
სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა Gruene Woche 2016 ქ. ბერლინში 14-25 იანვარს იმართება. აღნიშნული გამოფენა 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს გამოფენა საიუბილეო 90-ე წელს აღნიშნავს.