ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა

კონკურსი

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა
23.06.2019

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი თბილისში 21 და 22 ივნისს გაიმართა. კონკურსი ასოციაცია  „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა.
კონკურსში  ღვინის 320 ნიმუში 120-მა კომპანიამ წარადგინა. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს  თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, aseve ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები  ლიზა გრანიკი (აშშ), მაგდა სურგულაძე, ვლადიმერ კუბლაშვილი, გეორგ ბინდერი (გერმანია), ვანო შიუკაშვილი და ირმა ჭანტურია. გამარჯვებული ღვინოები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომებს მიიღებენ.
კონკურსის მიზანს, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ქართული ღვინო