ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

სიახლე

ვენახების კადასტრი

სიახლე
27.05.2019

2019 წლის რთველის დროს, ყვარლისა და გურჯაანის მევენახეობის რეგიონებში, მევენახეები და კომპანიები  დაცული ადგილწარმოშობის შემდეგი დასახელების - „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ყვარელი და „მუკუზანი“ მიკროზონების ყურძნის ღვინის საწარმოებში ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ. 
აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ყურძენი შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ვენახების ამონაწერის გაცემა დაიწყო იმ მევენახეებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული არიან ვენახების კადასტრის მონაცემთა ბაზაში. 
2019 წლის 31 ივლისამდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მევენახეებსა და კომპანიებს დაეხმარებიან ვენახის ამონაწერის განახლებაში.  
ვენახების ამონაწერის მიღების შემდეგ, მევენახეებმა და კომპანიებმა უნდა დაამოწმონ ვენახის ამონაწერში მოყვანილი ინფორმაცია და დაეთანხმონ მის შინაარსს.
აღნიშნული პროცესი დასრულდება 2019 წლის 31 ივლისს.
ვენახების ამონაწერი არის ვენახების კადასტრის დოკუმენტი და შეიცავს ინფორმაციას მევენახეებისა და კომპანიების შესახებ (სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი) და ვენახის მახასიათებლებს (ადგილმდებარეობა, ფართობი ცალკეული ჯიშის მიხედვით, დარგვის წელი, და ა.შ.).
საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს: 
მისამართი: მარშალ გელოვანის 6, 0159, საქართველო, თბილისი. ვებ:, www.wine.gov.ge, ტელ: +995 32 2470101, 1501  (ცხელი ხაზი) +995 32 974103, info.georgianwine@georgianwine.gov.ge, https://www.facebook.com/nationalwineagency/

ქართული ღვინო