ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია თბილისში გაიმართება
ზოგადი
პირველად საქართველოში ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია გაიმართება. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ღონისძიება 2016 წლის 7-9 სექტემბერს კახეთში ჩატარდება. გადაწყვეტილება ოფიციალურად ლონდონში გამართული საერთაშორისო გამოფენაზე ცნობილი გახდა ცნობილი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თალებ რიფაიმ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს. თალებ რაფაის განცხადებით: „ღვინის ტურიზმი წარმოადგენს მზარდი სეგმენტს, მოთხოვნის დივერსიფიკაციის უდიდესი შესაძლებლობებით. საქართველოს შემთხვევაში ეს პოტენციალი კარგად ცნობილია და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში პირველად იმართება ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენცია. ამ კონფერენციის შესახებ განცხადება ჩვენ სწორედ ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე გავაკეთეთ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენა. ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც დიდი ალბათობით ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული. ეს არის ქვეყანა ათასწლოვანი ტრადიციებით, სადაც შესანიშნავი ღვინო მზადდება.„
შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა გიორგი ჩოგოვაძემ: „ლონდონში გამართული ტურისტული გამოფენის ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან თალებ რიფაისთან ერთად გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველო 2016 წლის სექტემბერში უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას ღვინის ტურიზმის შესახებ. გაეროს ეგიდით გამართული ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ასევე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.“ საქართველოში დაგეგმილი ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციასთან დაკავშირებით სასტუმრო Radisson blu iveria-ში ჟურნალისტებს დეტალები გააცნეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა. სხვადასხვა კულტურის და ცხოვრების სტილის გასაცნობად სამზარეულო და ღვინო მთავარი კომპონენტებია, რომელიც მოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნების მონახულების სტიმულს აძლევს და მოტივაციას უზრდის. 2015 წლის სექტემბრიდან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ პროექტი გასტრონომიის ქსელი წარადგინა. პროექტის მიზანია გასტრონომიული ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცოდნის გაზიარება. საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული, ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი. არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. მე-6 ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას - \"Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს. კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია დანგრეული გორის მეზობლად მდებარე ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ვაზის წიპწების გარდა, ნაპოვნია კულტურული ხორბლისა და პარკოსნების ნაშთები, სამეურნეო იარაღები და თიხის ჭურჭელი, რითაც მტკიცდება, რომ ძვ. წ. VI-V ათასწლეულში, ნეოლითის ხანაში, აქ დასახლებული ადამიანი უკვე განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის – მევენახეობასა და მემარცვლეობას ეწეოდა. საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზი Vitis Vinifera Silrestris დღესაც არის გავრცელებული. გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან ტყის ვაზი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. ველური ვაზის პარალელურად, საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430–მდე დაცულია სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში.