ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართულმა ღვინოებმა ჰონგ-კონგის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

ზოგადი

ქართულმა ღვინოებმა ჰონგ-კონგის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს
05.11.2015

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე - „HKTDC - Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015” - კომპანიის „კახური ღვინის მარანი“ ღვინომ „საფერავი 2011“ ორი უმაღლესი ჯილდო (გრანპრი ნომინაციაში „საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს მედალი) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო „მუკუზანი 2011“.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალი კლასის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და გამარჯვება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია. ქართულ პროდუქციას და, გამორჩეულად ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზარზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ხორცილდება ღვინის ხარისხის კონტროლი, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფალსიფიკაციას და უხარსიხო პროდუქციის მოხვდრის შესაძლებლობას როგორ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყოველწლიური გამოფენა „HKTDC - Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015” 5-7 ნოემბერს ტარდება და აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაა. გამოფენას მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან ათი ათასობით ადამიანი ესწრება. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე კი მთელი მსოფლიოდან წელიწადში 1500-ზე მეტი განაცხადი შედის. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 6 ქართული კომპანიის - „თბილღვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“ და კომპანია „ქართული ღვინო“ - სხვადასხვა სტილის ღვინო. 

გამოფენის ფარგლებში იმართება კონკურსიც და შედეგები  გამოფენის გახსნის დღეს ქვეყნდება, რაც უზრუნველყოფს გამარჯვებული ბრენდების სტენდებთან მეტი დაინტერესებული ტრეიდერისა და იმპორტიორის მოზიდვას.

6 ნოემბერს, გამოფენის „HKTDC - Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015” ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი ქართულ ღვინის სემინარსა და და დეგუსტაციას გამართავს.

 

 

ქართული ღვინო