ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს კახეთში ეცნობიან
ღვინის ტური
09.05.2019
ამერიკელი სომელიეები და ღვინის იმპორტიორები ქართულ ღვინოს კახეთში ეცნობიან. ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „მარქ ენერჯის“ დირექტორი ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობს.
სტუმრები კახეთში რამდენიმე ღვინის მარანს ეწვიენ, წინანდალში ასევე დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც მათ 15 კომპანიის ღვინის გაცნობისა და შეფასების შესაძლებლობა მიეცათ. ჯული პეტერსონის განცხადებით, ამერიკაში ქართული ღვინისადმი ინტერესი მზარდია.
„წელს ჩვენი ვიზიტორების ჯგუფში რვა სომელიე, რესტორნის მფლობელი და იმპორტიორია, რომელთა აქ ჩამოსვლაც აშშ-ში ქართული ღვინისადმი მზარდმა ინტერესმა განაპირობა. ჩვენ “ზერო კომპრომისიზე” და “ახალი ღვინის ფესტივალზე” დასასწრებად ჩამოვედით, ასევე კახეთისა და დასავლეთ საქართველოს მოსანახულებლად, რათა ქართული ღვინის მრავალფეროვნებას კარგად გავეცნოთ. საინტერესოა როგორც ხარისხის განვითარების, ასევე ქართული ღვინის მრავალფეროვნების გაცნობა“ - აღნიშნა მან.
მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის 70-მდე პროფესიონალი სტუმრობს, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „,ზერო კომპრომაისი’’ და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს“ დაესწრებიან. ღვინის მაგისტრები, სომელეები, ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ეწვიენ. ფესტივალებზე დასწრების პარალელურად, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ეცნობიან.