ქართული ღვინის პრეზენტაცია დუბლინში
დეგუსტაცია
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: მასტერკლასი და პრეზენტაცია, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები და სომელიეები დაესწრნენ, ხოლო საღამოს გაიმართა მიღება, რომელსაც ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიან უწყვეტი ისტორიის, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებისა და ქვევრის ღვინის უნიკალურობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. ქართულმა ღვინომ ირლანდიელების დიდი მოწონება დაიმსახურა. მიღების მსვლელობისას ნაჩვენები იყო სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“. პარალელურად, გავრცელდა საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა და სუვენირები.
ღვინის პროფესიონალების აზრით, ქართული ღვინის მორიგი სადეგუსტაციო ღონისძიება დუბლინში სასურველ შედეგს მოიტანს და გაიზრდება ინტერესი ქართული ღვინისადმი, იმ ფონზე, როდესაც საქართველო-ირლანდიას შორის გაღრმავდა ბიზნეს კონტაქტები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება.