ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში

გამოფენა

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში
07.03.2019

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2019“ გაიმართა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 14-მა კომპანიამ წარადგინა. 
კვების პროდუქტებისა და სასმელების 44-ე საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2019” ტოკიოში 5-8  მარტს ტარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 2015 წლიდან ეძლევა. წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები: „ვიტე ვერა“, „თელიანი ველი“, „კახური“, „მეღვინეობა ხარება“, „წინანდლის ძველი მარანი“, „მეღვინეობა შილდა“, „ბოლერო და კომპანია“, „თელავის ღვინის მარანი“, „ვაზისუბნის მამული“, „მეღვინეობა ჩელთი“, „მათრობელა ვაინსი“, „ბადაგონი“, „ჩიგოგიძე ვაინსი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.
„Foodex Japan“-ში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. „FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Red Bridge“-ს ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა. ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი დაესწრნენ.

ქართული ღვინო