ქართული ღვინის დეგუსტაცია ლონდონში
ზოგადი
ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანია ლონდონში გამართულ ერთდღიან გამოფენა-დეგუსტაციაში - “Emerging Regions Tasting” მონაწილეობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინის კომპანიების პროდუქცია: KTW (კახური ტრადიციული მეღვინეობა), “ჩელთი”, “ლაგვინარი” და “ტყუპების საღვინე მარანი”.
აღნიშნულ ღონისძიებას ღვინის თემაზე მომუშავე ცნობილი ჟურნალისტები, ღვინის პროფესიონალები, მაგისტრები, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
სტუმრებს შორის იყო ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი, რომელიც უძღვებოდა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს \"Tradition and modernity in Georgia\".
დიდი ბრიტანეთი, 2014 წლისთვის გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი. 2015 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ექსპორტმა შეადგინა 30 635 ლიტრი, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 33%-ით აღემატება. ქართული კომპანიების მონაწილეობა მსგავს გამოფენაში მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ლონდონში - ქალაქი, რომელიც ითვლება მოდისა და გემოვნების დამფუძნებლად ღვინის ინდუსტრიაში. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.