ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში
დეგუსტაცია
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია-დეგუსტაციები ტოკიოში და ოსაკაში გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩი ლევან ცინცაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე დაესწრნენ. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ადგილობრივი სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“, „ფაფარი ველი“, „შუმი“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „ორგო“ და „მეღვინეობა ხარება“. ტოკიოში გამართულ დეგუსტაციას კენიჩი ოჰაშისთან ერთად ასევე უძღვებოდა იაპონელი სომელიე ჰიროში იშიდა, ხოლო ოსაკაში - სომელიე სატორუ მორი.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია 155 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს მიმდინარე წელს ორჯერ ეწვია. ამასთან ერთად, კენიჩი ოჰაშის ავტორობით იაპონურ ჟურნალის - „Sommelier” ბოლო ორ ნომერში და ჟურნალ „WANDS“-ში ქართული ღვინის შესახებ სტატიები დაიწერა.