ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მოსამზადებელი შეხვედრა მეწარმეებთან

ზოგადი

რთველის მოსამზადებელი შეხვედრა მეწარმეებთან
10.08.2015

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასევე ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე 2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს და დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. 

ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს. პროცესში დაცული იქნება როგორც მეწარმეების, ისე მევენახეების ინტერესები.

ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რამაც საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, მთავრობამ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის სესხები კვლავ გაიცემა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასს არეგულირებს ბაზარი, სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას და არ ერევა ფასების რეგულაციებში. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მიუხედავად რუსეთისა და უკრაინას ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებისა, სწორი მარკეტინგული პოლიტიკის შედეგად, მთელ რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება.

რთველი 2015-ის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება, რომელიც თელავში განთავსდება. რთველის შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანის რაიონშიც იქნება.

შტაბის ფუნქციონირება სამინისტროს წარმომადგენლების მეწარმეებთან და მევენახეებთან კოორდინაციას და აქტიურ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. 

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ქართული ღვინო