ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია

ზოგადი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია
20.01.2015

20 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა. მან აღნიშნა, რომ სააგენტო ხელს უწყობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ისტორიულ-კულტურული ნაშრომების გამოცემას.

„დარგის განვითარებას სჭირდება შესაბამისი განათლება, რისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ღვაწლმოსილი მეღვინეებისა და მეცნიერების წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების, შრომისა და ცოდნის დაფასება და მხარდაჭერა. მათი ნაშრომების პოპულარულ ენაზე გამოცემა საზოგადოების განათლებისაკენ გადადგმული პირველი და აუცილებელი ნაბიჯია. თავისი მრავალფეროვნებით ეს ლიტერატურა დააინტერესებს როგორც დარგის პროფესიონალებს, სტუდენტებს, ასევე მკითხველთა უფრო ფართო წრეს“ - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 2014 წელს გამოცემული შემდეგი ლიტერატურა:
1. თეიმურაზ ღლონტისა და ზურაბ ღლონტის მონოგრაფია - \"კახური მცვივანი\";
2. ლევან ფრუიძის - \"საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია\";
3. თამაზ კობაიძის - \"ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი\";
4. იდეის ავტორი თამაზ კანდელაკი - „ვაზი - სიცოცხლი ხე“;
5. ბონდო კალანდაძის - „ სამტრესტი და სამტრესტელები“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღნიშნული ნაშრომების ავტორები, მეუფე დავით ალავერდელი, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში არსებული სამთავრობო, არასამთავრობო და კერძოს სექტორის წარმომადგენლები, ვეტერანი მეღვინეები.

წიგნების წარდგენის შემდეგ ავტორებმა უპასუხეს სტუმრების შეკითხვებს.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტო დარგის პროფესიონალებისა და მეცნიერების მსგავსი სახით მხარდაჭერას 2015 წელსაც გააგრძელებს.

ქართული ღვინო