ღვინისა და ბრენდის ექსპორტის 2014 წლის მონაცემები
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 067 335 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 26%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2013 წელს სულ ექსპორტირებული იყო 46,7 მლნ ბოთლი ღვინო.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი, სადაც რუსეთი ექსპორტის მთლიან მოცულობაში ლიდერობს 63%-ით. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წელს 37 615 052 ბოთლი შეადგინა.
2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 71%-ს შეადგენდა. წლის ბოლოსთვის რუსეთის წილის შემცირება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და მთელ რიგ ქვეყნებში ექსპორტის ზრდის ხარჯზე მოხდა. პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართული ღვინო ექსპორტზე მსოფლიოს 23 ქვეყანაში იგზავნებოდა, რაც წლის დასასრულისთვის 46-მდე გაიზრდა.
საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია. ექსპორტი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში - ჩინეთი (34%), იაპინია (32%), გერმანია (23%), პოლონეთი (22%), ყაზახეთი (21%), ლატვია (18%), ბელარუსი (13%) და სხვა.
ღვინის ექსპორტმა თანხაში 184 927 801აშშ დოლარი ($) შეადგინა, რაც 30%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, გასული წლის მანძილზე 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12 990 784 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება 2013 წლის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტმა თანხაში 41 136 297 აშშ დოლარს ($) მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. 2014 წლის პირველ კვარტალში ბრენდი ექსპორტზე მხოლოდ 9 ქვეყანაში გადიოდა.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც ექსპორტმა 6 764 267 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს კი 5 393 824 ბოთლით რუსეთი იკავებს.