ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის გეგმების წარდგენა

ზოგადი

ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის გეგმების წარდგენა
24.12.2014

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ღვინის სექტორში არსებულ კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სააგენტოს 2015 წლის გეგმები და სიახლეები გააცნო. შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გახსნა. მან სააგენტოს ბოლო ორწლიანი საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერა კიდევ გაგრძელდება.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალიან ამბიციური და რეალური სამოქმედო გეგმები აქვს. სააგენტოს საქმიანობა სწორი მიმართულებით მიდის, რომლითაც მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში წარმოებული ღვინო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის და პოპულარული ევროპაში“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

გიორგი სამანიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის 2015 წლის სამოქმედო გეგმა და ხარისხის კონტროლისა და სავალდებულო სერტიფიცირების ახალი სისტემა გააცნო, უპასუხა სტუმრების შეკითხვებს.
გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ 2015 წელს სააგენტოს მიერ 2013-2014 წლებში დაწყებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეფორმები გაგრძელდება. კერძოდ, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია დარგის წარმომადგენლებთან შეთანხმებით „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა, სერტიფიცირების ახალი წესის ლოტის სერტიფიცირების შემოღება, ვენახების კადასტრის პროგრამის გაგრძელება, ღვინის ნაშთების აღწერის, დეკლარაციებისა და სერტიფიცირებაზე განცხადებების წარდგენის ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა, ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართული მარკეტინგული ღონისძიებები და სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პრომოცია.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრო. ეს იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი თავმჯდომარის პირველი გაფართოებული შეხვედრა მეღვინეობის დარგის კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. გიორგი სამანიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის ნოემბერში დაინიშნა.

ქართული ღვინო