„საქართველოში მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება“ - ენდრიუ ჯეფორდი
ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე ღვინის ნიმუში.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და უცხოელმა მწარმოებლებმ, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო. 12-კაციანი ჟიური ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგებოდა.
ჟიურის თავმჯდომარის, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და ღვინის მწერლის, ენდრიუ ჯეფორდის შეფასებით, საქართველოში წარმოებული ღვინოები მაღალი ხარისხისაა.
„ჩვენი აქ ყოფნის უმთავრესი მიზეზი საქართველოში წარმოებული ღვინოების მაღალი ხარისხია. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დაგვეგემოვნებინა საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები. საფერავი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ვაზის ჯიშია. კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოები საოცრად შთამბეჭდავი იყო, ისინი ყოველთვის იწვევს გაოცებას და მოულოდნელი სასიამოვნო შთაბეჭდილებით გამოირჩევა. საფერავს ახასიათებს ისეთი უნიკალური თვისებები, რაც სხვა ღვინოებს არ გააჩნია. აქ ყოფნა და საფერავის დაგემოვნება ნამდვილად პრივილეგიაა” - აღნიშნა მან. ენდრიუ ჯეფორდის თქმით, გარდა საფერავისა, საქართველოში სხვა არაჩვეულებრივი ღვინოებიცაა, რომლებსაც წინა ვიზიტის დროს გაეცნო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, კონკურსის ჟიურის წევრის, ლევან მეხუზლას შეფასებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი წარმატებით ჩატარდა. „მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი იყო საერთაშორისო, სადაც ქართულ საფერავთან ერთად წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნებში წარმოებული საფერავიც. ძირძველი ქართული ვაზის ჯიში საფერავი, ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. საფერავი, საქართველოს ვაზის ერთ-ერთი უმთავრესი ჯიშია, რომელიც ნელ-ნელა დგება ისეთი ჯიშების გვერდით, როგორიცაა კაბერნე, მერლო და ა.შ.” - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
კონკურსში გამარჯვებული ღვინოების ჩამონათვალი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.