ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

პრემიერ-მინისტრი გუდაურის „ღვინის ქალაქს“ ესტუმრა

ზოგადი

პრემიერ-მინისტრი გუდაურის „ღვინის ქალაქს“ ესტუმრა
21.12.2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუდაურში „ღვინის ქალაქს“ ესტუმრა და ქართული ღვინოები და ინოვაციური პროდუქტი - ჭაჭის კოქტეილები დააგემოვნა. გუდაურის სამთო–სათხილამურო სეზონის გახსნის ფარგლებში „ღვინის ქალაქი გუდაური 2014“ 20 დეკემბერს გაიხსნა. სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მონაწილეობდა და სტუმრებსაც მიესალმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურის სტუმრებს სეზონის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ღვინის ტურიზმის ხელშეწყობასთან ერთად, კურორტის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„ღვინის ტურიზმი საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სასიამოვნოა, რომ „ღვინის ქალაქი\" გუდაურში აღნიშნავს სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნას და სტუმრებს უმასპინძლდება. ამ ტიპის ღონისძიებები კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, ტურისტებს მეტ მრავალფეროვნებას ვთავაზობთ,\"- განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

„ღვინის ქალაქს“ პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და მთავრობის სხვა წევრები, აგრეთვე მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანი დაესწრნენ.

გუდაურში ჩამოსულ სტუმრებს „ღვინის ქალაქში“ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღვინით, გლინტვეინით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი ჭაჭის კოქტეილებით უმასპინძლდებოდნენ.

გუდაურის „ღვინის ქალაქი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის და თბილისის ღვინის სკოლის ორგანიზებით გაიხსნა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „RED-CO” და ქართულ–ავსტრიული ინვესტიციებით შექმნილი ყველის ახალი კომპანია “BERGHOFER”.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ორგანიზებით „ღვინის ქალაქი“ პირველად თბილისობის დღესასწაულისთვის გაიხსნა და ტურისტულად მიმზიდველი პროდუქტი გახდა. 2015 წლის განმავლობაში “ღვინის ქალაქი” თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში იმოგზაურებს, ხოლო თბილისობის დღესასწაულზე ისევ დედაქალაქს დაუბრუნდება.

 

ქართული ღვინო