ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის შესახებ ჩინეთის პოპულარული ჟურნალი დაწერს

ზოგადი

ქართული ღვინის შესახებ ჩინეთის პოპულარული ჟურნალი დაწერს
11.06.2015

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის (ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ინსტიტუტი) მხარდაჭერით, პეკინში ქართული ღვინის პრეზენტაცია  ჩინელი და უცხოელი მომხმარებლისთვის გაიმართა. ათეულობით სტუმარს შორის იყვნენ ჩინეთის ცნობილი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და სტუდენტები, პეკინში გამოცემული პოპულარული ინგლისურენოვანი ჟურნალის thebeijigner-ის რედაქტორი და წარმომადგენლები, ასევე ცნობილი ღვინის მწერალი და არაერთი ღვინის წიგნის ავტორი ელენ ვალასი (შვეიცარია). 

ღონისძიების მიზანი იყო პეკინში მცხოვრები ჩინელი და უცხოელი მომხარებლისათვის ქართული ღვინისა და კულტურის გაცნობა. Thebeijigner ძალზედ პოპულარულია ჩინეთში მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეთათვის, ასევე ჩინელებისათვის. სწორედ  ასეთი ჟურნალების საშუალებით იგებენ ისინი, თუ რომელი ღონისძიება, ადგილი, სასმელი, თუ საკვებია დღესდღეობით პეკინში პოპუპარული.

„ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციისას ჩვენი მიზანია არა მარტო ქართული ღვინის იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან აქტიური კომუნიკაცია, არამედ უშუალოდ მომხმარებელთან ურთიერთობა, რაც ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს კი დისტრიბუტორებს დაეხმარება ქართული ღვინის იმპორტის გაზრდაში”, - აღნიშნა სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთში მაია ცქიტიშვილმა, რომელიც სტუმრებისთვის ქართული ღვინის წარდგენას უძღვებოდა.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა საფერავით, ჩინური იეროგლიფების გამოყენებით \"ქართული ღვინო\"   დაწერეს. 

ღონისძიების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა და მოწონების კომენტარები სტუმრებმა WeChat ჯგუფში (ცნობისათვის, WeChat-ს 300 მლნ მომხარებელი ყავს ჩინეთის მასშტაბით) გაავრცელეს, რაც ცნობადობის ამაღლების კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ქართული ღვინის ექსპორტისთვის აღმოსავლეთ აზიის, და კერძოდ ჩინეთის ბაზარი, ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრად ითვლება. ეს ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინისა და პოლონეთის შემდეგ. 2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 603 ათასამდე ბოთლი (0,75) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 43%-ით აღემატება.

 

ქართული ღვინო