ქართული ღვინის დეგუსტაცია ვარშავაში
ზოგადი
3 ივნისს, ვარშავაში, საქართველოს საელჩომ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გამართა, რომელსაც ამ ქვეყნის პოლიტიკური წრეების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და წევრები, ასევე სამეცნიერო და კულტურის სფეროს და ქართული სათვისტომოს წარმომადგებნლები დაესწრნენ.
მიღებაზე გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ხელშეწყობით, წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მრავალსახეობა: თეთრი მშრალი, ქვევრის თეთრი, როზე, წითელი მშრალი (საფერავი, შავკაპიტო, ოცხანური), თეთრი ნახევრადტკბილი და წითელი ნახევრადტკბილი, ასევე, ჭაჭა და ბრენდი.
სპეციალურ მონიტორებზე მიმდინარეობდა ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაზე და ევროპულ ინტეგრაციაზე. ელჩმა, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს მიმართ გამორჩეული მხარდაჭერისთვის.
ღონისძიება ქართული სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა. საქართველოსა და პოლონეთის ჰიმნები სპეციალურად ამ საღამოსთვის მოწვეულმა ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა - „ერთობა“ შეასრულა.