ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

თელავის მუნიციპალიტეტში იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია გაიხსნა

ზოგადი

თელავის მუნიციპალიტეტში იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია გაიხსნა
23.09.2016

22 სექტემბერს, ქართული ღვინის კვირეული თელავის მუნიციპალიტეტში, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია გახსნის საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ ქართული ღვინის კვირეული ქვევრის სკოლა-აკადემია გახსნით დაიწყო, რადგან ქვევრი და ღვინო ერთმანეთისგან განუყოფელია, ქართული კულტურისა და ტრადიციების ნაწილია.

„მოხარული ვარ, რომ ქვევრის სკოლა-სახელოსნოს დაარსების პროექტი მთავრობის, ეკლესიის, ადგილობრივი ხელისუფლების და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, ერთ წელიწადში რეალობად იქცა და დღეს, ყველა ჩვენგანი ამ მნიშვნელოვანი ამბის თანამონაწილენი ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სექტორის, მათ შორის მეღვინეობის განვითარება უნდა მოხდეს კომპლექსში. შესაბამისად, ქვევრის სკოლა-აკადემია ქვევრის ღვინის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. თითქმის მთელი მსოფლიო აღიარებს რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ქვევრის ღვინო კი, არის უნიკალური მარგალიტი, რომელიც ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე განსხვავებულ და განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს. 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რაც ძალიან დიდი აღიარებაა მთელი საქართველოსთვის. სწორედ ეს აღიარება არის დიდი პასუხისმგებლობა. ქვევრის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს სჭირდებოდა გადარჩენა და ქვევრის სკოლა-აკადემია სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს. კარგი ქვევრი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ კარგი ქვევრის ღვინო იწარმოებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვევრის ხარისხი შევინარჩუნოთ და ავიყვანოთ მაღალ დონეზე, გვქონდეს განსაკუთრებული სტანდარტები და დამოკიდებულება ამის მიმართ. ქვევრის ღვინო ჩვენი საგანძურია და იმისათვის, რომ ეს უნიკალურობა არ დაგვეკარგოს, მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, სადაც საფუძველი ჩაეყრება ქვევრის კვლევის, დახვეწისა და წარმოების განვითარებას. ეს მოგვცემს საშუალებას, მეღვინეობის მიმართულებით ხმამაღალი სიტყვა გვეთქმოდეს მსოფლიოში“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ინიციატივით დაარსებული ქვევრის სკოლა-სახელოსნო მიზნად ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული, უძველესი მეთოდების აღდგენა-შენარჩუნებას, ასევე სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებას. 

სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ სკოლა-სახელოსნოს აშენება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა. მეუფემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დასძინა, რომ სკოლა-სახელოსნოს ფუნქციონირება რამდენიმე წლის შემდეგ რეალურ, პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. 

იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტკაფეს. სკოლა საშუალებას მისცემს ყველა მსურველს შეისწავლოს არა მარტო ქვევრის, არამედ ღვინის ჭურჭლისა და ძველი, ტრადიციული სასმისების დამზადების უძველესი მეთოდები. თიხის სახელოსნოს გარდა, სკოლაში გაიხსნება ქართული ფაიფურის, ქართული ემალისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელობას დაეუფლოს.

სკოლა-სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. სახელოსნოში განთავსებულია თიხის გამოსაწვავი თანამედროვე სტანდარტების ღუმელი, თიხის წისქვილი, თიხის სარეცხი ცისტერნები, წნეხი და ვაკუუმპრესი. თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების ქვევრისა და თიხის ჭურჭლის წარმოებას.

სკოლა-აკადემიის გახსნის ღონისძიებაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის აქტიური მხარდამჭერია.

,,პროექტის განხორციელებაში ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული და მოხარული ვარ, რომ სამუშაოები დასრულდა და დღეს იყალთოს სკოლა-აკადემია გაიხსნა. პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით და მისი ღირებულება 5 მლნ ლარია. მას შემდეგ რაც სკოლა-სახელოსნო ფუნქციონირებას დაიწყებს, არაერთი მიმართულებით, მათ შორის ისტორიულ-კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული მიმართულებით მნიშვნელოვანი, პოზიტიური შედეგები ექნება“,-აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. 

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა. აღინიშნა, რომ იყალთოს სკოლა-სახელოსნოს გახსნა უმნიშვნელოვანესია არა მარტო კახეთის რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. 

,,ქვევრი და ქვევრის ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია, ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ნაწილია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ტრადიციის ხელშეწყობა და განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლა-სახელოსნოს შექმნა“,- აღნიშნა კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

სკოლა-სახელოსნოს გახსნის საზეიმო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის, ასოციაცია ქართული ღვინის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ქართული ღვინო