შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. შეხვედრა თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ღვინის კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ გაიმართა და პარლამენტის დეპუტატებთან ერთად, მას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ასევე კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებზე მუშაობა ღვინის ეროვნულ სააგენტოში უკვე დასრულდა და კანონპროექტი, საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში წარსადგენად, გადაგზავნილია საქართველოს მთავრობასთან.
„მუშაობა „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონზე“ დიდი ხანია მიმდინარეობს. კანონში შედის საკმაოდ ბევრი ცვლილება, მაგრამ არ იცვლება ძირითადი პოლიტიკა და მიდგომა. ცვლილებების მიზანი ამ კანონის სრულყოფა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა. ასევე, კანონი უნდა ყველასთვის გასაგები, რომ მისი დაცვა იყოს მარტივი. ამ ეტაპზე, მთავრობასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტის დეტალების დასაზუსტებლად“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ცვლილებების კანონპროექტის შესახებ პრეზენტაციის დასრულებისა და კანონის ძირითადი ასპექტების განხილვის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ უპასუხა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს. გიორგი სამანიშვილმა ასევე წარმოადგინა მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის ღვინის ექსპორტის სტატისტიკა, გამოითქვა მოსაზრებები მოსალოდნელ რთველთან დაკავშირებით.
„შუხმანს ვაინს ჯორჯიაში“ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ კომპანიის მარნები, გაცნობოდნენ მის მუშაობას, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინოები.