ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქვევრის ღვინო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე RAW

ზოგადი

ქვევრის ღვინო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე RAW
18.05.2015

ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები 17-18  მაისს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში  ,,RAW” (The Artisan Wine Fair London) იღებენ მონაწილეობას. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეგერონი (საფრანგეთი).

ორდღიანი გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებელ კომპანიას მასპინძლობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებელები: „ნიკა ბახია“, „გოცას ღვინო“, „პეტრიაანთ მარანი“, „ჯაყელის ღვინო“, „თელედა“, „ნაოტრები“, „თემი“, „ტყუპების მარანი“, „საწნახელი“, სულ გამოფენაზე წარმოდგენილია 28 სახეობის წითელი, ვარდისფერი და თეთრი ღვინოები.

გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რევაზ გაჩეჩილაძე.

გამოფენის პირველი დღე დაეთმო ღვინის პროფესიონალებს, ხოლო 18 მაისს ღონისძიება ღიაა ყველა დაინეტერესებულისთვის. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა  ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური გათამაშება, რომელიც ორი იმპორტიორი კომპანიის წარმოამდგენლებს შესაძლებლობას აძლევს შემოდგომაზე, რთველის პერიოდში ღვინის ტურით ეწვიონ საქართველოს.

საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მოხდეს პოტენციური იმპორტიორების მოძიება, ქვევრის ღვინის ფართო მასშტაბით წარმოჩენა და გაცნობა საერთაშორისო ცნობადობის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. 

 

ქართული ღვინო