ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის ქალაქებში
გამოფენა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში„EnoExpo 2018”ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობს.
„EnoExpo 2018”-ს ფარგლებში გამართულ კონკურსში კომპანიის „ვაზისუბნის მამულები“ ღვინომ „საფერავი 2017“ ვერცხლის და კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „მარანი საფერავი ბიო 2017“ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.
ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაშიც გაიმართა - ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებას “ქართული სამზარეულო და ღვინო“, სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა. ქართული ღვინის წარდგენას ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 9 ნოემბერს, ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია კრაკოვში გაიმართება.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები იმართება.
ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,8 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30% შეადგინა.