ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIV)

ზოგადი

ქართული ღვინო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIV)
30.04.2015

პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სათაო ოფისში  ქართული ღვინის პრეზენტაცია საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სომელიეების, ენოლოგების, ღვინის ჟურნალისტებისა და ბლოგერების, ასევე UNESCO-ს წარმომადგენლების წინაშე გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო და საფრანგეთში საქართველოს საელჩო და მას 350 სტუმარი დაესწრო.

ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით OIV-ის გენერალურმა დირექტორმა ჟან-მარი ორანდმა (Jean-Marie Aurand), საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა მიმართეს. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე წარმოადგინა პრეზენტაცია ქართული ვაზისა და ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რამაც პროფესიონალების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

წელს ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია: „მეღვინეობა ხარება“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „ჩელთი“, „შუხმან ვაინსი“ და „შატო მუხრანი“.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის მიზნით, OIV-ის სათაო ოფისში ქართული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია გასულ წელსაც გაიმართა.

 

ქართული ღვინო