ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ჩინეთის 21-მილიონიანი სინძიანის პროვინცია ქართული ღვინის ექსპორტის 3-ჯერ გაზრდას გეგმავს

ზოგადი

ჩინეთის 21-მილიონიანი სინძიანის პროვინცია ქართული ღვინის ექსპორტის 3-ჯერ გაზრდას გეგმავს
21.04.2015

ჩინეთის სინძიანის პროვინციის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია (Xinjiang Beifangjianda Trade Co. Ltd) წელს საქართველოდან ნახევარი მილიონი ბოთლი ქართული ღვინის იმპორტს გეგმავს, რაც ამ პროვინციაში გასულ წლის გაყიდვებს 3-ჯერ აღემატება. ამის შესახებ ცნობილი გახდა ჩინეთში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, მაია ცქიტიშვილის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში საქმიანი ვიზიტის შედეგად, სადაც ზემოთ აღნიშნული იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელებთან  (Tong JianSheng,  Maofeng) გაიმართა შეხვედრა. 

მასპინძელი კომპანიის ორგანიზებით, ურუმჩის ქართული ღვინის კლუბში მაია ცქიტიშვილი შეხვდა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს და ქართული ღვინის ისტორიულ-კულტურულ უნიკალურობასა და ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა მასპინძელი კომპანიის ღვაწლს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმესა და იმპორტის გაზდის მიზნით წარმატებული ბიზნეს, მარკეტინგული და სოციალური პროექტების განხორციელებაში.

ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო მასპინძელი კომპანიის მიერ განხორციელებულ წარმატებულ ბიზნეს-პროექტებს - ქართული ღვინის კლუბი, ქართული ღვინის სალონი, ქართული ღვინის მაღაზიები და ქართული ღვინის ოფისები. 

“ეს არის სუკეთესო ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩინეთის ცალკეულ პროვინციებში მოსახლეობისათვის ქართული ღვინის შეთავაზება. სინძიანის პროვინციაში, კერძოდ ქალაქ ურუმჩისა და ხორგოსში ქართული ღვინო ძალზედ პოპულარულია და მასზე მოთხოვნა მზარდია, რაშიც აღნიშნული კომპანიის საკმაოდ დიდი დამსახურებაა. ეს პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ხელმოწერილი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში” , - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომპანია  ქალაქ ხორგოსში (თავისუფალ ეკონომიკური ზონა ყაზახეთის საზღვართან) ჩინეთისა და ყაზახეთის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში 400 კვ.მ-ზე ქართული ღვინის სავაჭრო ცენტრის გაკეთებას გეგმავს, სადაც პროდუქციის გაყიდვასთან ერთად მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია-ექსპოზიციები. ასევე, ქალაქ ხორგოსის ცენტრალურ ქუჩაზე ქართული ღვინის მაღაზია გაიხსნება. კომპანია ასევე აწყობს ღვინის ტურებს საქართველოში, რომლის ფარგლებშიც 500 ჩინელმა მოინახულა საქართველო.

ინფორმაციისთვის: აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში შუა აზიის 16 ქვეყნის წარმომადგენლობა არის განთავსებული და ტერიტორიაში 2400 მაღაზია ფუნქციონირებს. მომდევნო წელს სავაჭრო ცენტრში 10,000 მაღაზია, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და რესტორნების ქუჩები ამუშავდება. ასეთ აქტიურ ზონაში ქართული ღვინის სავაჭრო ცენტრის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთში სინძიანის პროვინციის 21 მლნ მოსახლეობაში ქართული ღვინის გაყიდვისა და მისი პოპურაზაციისათვის. 

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩინეთში საქართველოდან ექსპორტირებულია 364 778 ბოთლი(0,75 ლ) ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქართული ღვინო