ქართული ღვინისა და ჭაჭის წარდგენა პოლონეთში
ზოგადი
ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზარზე - პოლონეთში, სხვადასხვა ღონისძიება ვარშავაში და კრაკოვში გაიმართა. პოლონური მხრიდან ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია “Vinisfera” იყო. ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, “Vinisfera”-ს თაოსნობით, გასული წლიდან მოყოლებული პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში არაერთი ღონისძიება გაიმართა.
ამჯერად, ღვინოსთან ერთად პოლონეთში ჭაჭაც იყო წარმოდგენილი. კერძოდ, 26 მარტს ქართული ღვინის სემინარი და დეგუსტაცია, 27 მარტს ქართული ჭაჭისა და ჭაჭისგან დამზადებული ინივაციური კოქტეილების წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა ვარშავაში, ხოლო 30 მარტს ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაცია და 31 მარტს ჭაჭის პრეზენტაცია კრაკოვში გაიმართა. ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად “Vinisfera”-ს დამფუძნებელი მარიუს კაპჩინსკი უძღვებოდა.
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებზე მოწვეულები იყვნენ იმპორტიორები, ჟურნალისტები, ბლოგერები, რესტორნების წარმომადგენლები, ბარებისა და კლუბების წარმომადგენლები და აღნიშნულ სეგმენტში სხვა დაინტერესებული პირები.
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ჭაჭის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე და ასევე პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებებზე წარდგენილი იყო შემდეგი ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია: „ვაზიანი კომპანი“, „ჩელთი“, „ქინძმარაულის მარანი“, „ვაინმენი“, „შუხმან ვაინსი“, “KTW”, „თელიანი ველი“, „არმაზი“, „ბესინი“, „შატო მუხრანი“, „თბილღვინო“, „დუგლაძეების ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „ტიფლისკი ვინნი პოგრები“.
პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხეთეულშია. 2014 წელს ამ ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 1,5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებლზე.
2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, პოლონეთში ექსპორტირებულია 352 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც დაახლოებით 10 ათასით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.