„საქართველოში წელს რეკორდული რაოდენობის მოსავალი მივიღეთ“ - ლევან დავითაშვილი
რთველი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის რთველი შეაჯამა. მინისტრმა ჟურნალისტებს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გააცნო.
დარგში წინსვლა სახეზეა - გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებული ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს.
„საქართველოში წელს რეკორდული რაოდენობის მოსავალი მივიღეთ; რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ასევე რეკორდულია ქართული ღვინის ექსპორტის მონაცემები. 2018 წლის დასასრულისთვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტის განხორციელებას ველოდებით. ეს არის გარკვეული ეტაპის დასასრული ქართული ღვინის სექტორის განვითარებაში. 2019 წლიდან, მომავალი 5 წლისთვის ჩვენ გვაქვს ახალი მიზნები და ამ ახალი მიზნების მისაღწევად ყველა წინაპირობა უკვე შექმნილია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
2013-2018 წლებში, მევენახეებმა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ჯამში, 950 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. დარგში არსებულმა პოზიტიურმა მაჩვენებლებმა შესაძლებლობა გააჩინა, რომ 2018 წლის რთველის პერიოდში ყურძენზე სუბსიდია აღარ გაცემულიყო. ყურძნის ფასის დადგენა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებზე მოხდა.
2018 წელს გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი - 230 ათასამდე ტონა, მევენახეების შემოსავლებმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა (2012 წელს გადამუშავდა 52 ათასი ტონა).
მევენახეებისგან ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე, 280-ზე მეტი კერძო კომპანია იყო ჩართული, რაც განაპირობებდა ყურძნის ჩაბარების შეუფერხებელ პროცესს.
ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმატა ვენახების რაოდენობამ, რომ გაჩნდნენ ახალი მევენახეები და რომ სახელმწიფოს მიერ, ბოლო წლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სწორი პოლიტიკა და რეფორმები გატარდა.