ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ამერიკელი მაგისტრი: ქართული ღვინოები განსაკუთრებული და უნიკალურია

ღვინის ტური

ღვინის ამერიკელი მაგისტრი: ქართული ღვინოები განსაკუთრებული და უნიკალურია
04.10.2018

ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ამერიკელ სომელიეებთან ერთად საქართველოში იმყოფება და ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში ეცნობა. ლიზა გრანიკი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელია. ტურის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები ღვინის მწარმოებელ 20-მდე კომპანიასა და მარანს ეწვევიან.
ღვინის ტურის ერთ-ერთი დღე ქვემო ქართლს დაეთმო, რომელიც  საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. ამ მხარეში განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც დღეისთვის ქვევრში ღვინოს 25 მცირე ღვინის მარანი აწარმოებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლნური ღვინო არაერთ გამოფენა-დეგუსტაციაზე იყო წარმოდგენილი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლნისში სტუმრები რამდენიმე მწარმოებლის ღვინოებს გაეცნენ. ღვინის მაგისტრზე და სომელიეებზე რეგიონის ღვინოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ლიზა გრანიკის შეფასებით, ბოლნისში წარმოდგენილი ღვინოებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია რქაწითელი და თავკვერი.
„ამ ღვინოებს ისეთი მახასიათებლები აქვს, რაც  განსაკუთრებულს და განსხვავებულს ხდის. რქაწითელს აქვს ინდივიდუალიზმი, რაც ყველა ბოლნისური ღვინის მახასიათებელიცაა. ჩემთვის მათი დაგემოვნება  მართლაც ამაღელვებელი იყო. რაც შეეხება თავკვერს, ის არის კარგად დაბალანსებული, მასში არის ელეგანტური ტანინები და ამ ადგილის  ინდივიდუალიზმი, ჩვენც სწორედ ამას ვეძებთ: ღვინოებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალიზმი და გამოხატვის უნიკალურობა” –  აღნიშნა ლიზა გრანიკმა.
მისი თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან გავლენიანი სომელიეები აშშ-დან, რომლებიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ რესტორნებთან თანამშრომლობენ. ბოლნისელი მეღვინეების შეფასებით, ღვინის პროფესიონალების ვიზიტი ხელს შეუწყობს მათი ღვინოების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.

ქართული ღვინო