ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ქართული ღვინის წარდგენა გამოფენაზე ProWein

ზოგადი

ქართული ღვინის წარდგენა გამოფენაზე ProWein
16.03.2015

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 15-17 მარტს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა PROWEIN-2015 ტარდება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 19 კომპანია მონაწილეობს. გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სხვა თანამშრომლები, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან. 

ყოველწლიური გამოფენა PROWEIN (პროვაინი) წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან.

PROWEIN 2015-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. ქართული სტენდი მე-15 პავილიონშია განთავსებული, სადაც წარმოდგენილია შემდეგი 19 კომპანია: „შუმი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაზიანი კომპანი“, „თბილღვინო“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ვაინმენი“, „სარაჯიშვილი“, „KTW“, „ბესინი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ქინძმარაულის მარანი“, „ბადაგონი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „შატო მუხრანი“, „GWS”, “თელიანი ველი”, “ქართული ღვინის სახლი” და „ასკანელი“.

გამოფენაში მონაწილეობით, ქართველ მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კომპანიების ნაწარმის გვერდით წარმოადგინონ. ამასთან, ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ ღვინის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და PR კომპანიებთან, ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სამი მნიშვნელოვანი ღვინის დეგუსტაცია / მასტერკლასი ვინუმის სტენდზე, რომლებსაც გაუძღვებიან ღვინის ცნობილი კრიტიკოსი და ვინუმის ჟურნალის მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი და ღვინის მაგისტრი, კომპანია Tastingworks-ის დამფუძვნებელი და არაერთი ჟურნალის კონტრიბუტორი და ტექნიკური დირექტორი (Sommelier Journal, The Professional Wine Reference, The World of Fine Wine) ლიზა გრანიკი.

PROWEIN-ზე ყოველწლიურად იკრიბება მევენახეობის, მეღვინეობისა და ვაჭრობის სფეროს ათასობით სპეციალისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. PROWEIN-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და დღეს, საქართველოს 19 ადგილობრივი კომპანია წარმოადგენს.

ქართული ღვინო