ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ღვინის ეროვნული სააგენტო ჩინეთში აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას განაგრძობს

ზოგადი

ღვინის ეროვნული სააგენტო ჩინეთში აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას განაგრძობს
09.03.2015

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის გაზრდის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ექსპორტისათვის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარზე - ჩინეთში, აქტიურ მარკეტინგულ საქმიანობას განაგრძობს.

კერძოდ, ქალაქ პეკინში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მაია ცქიტიშვილმა და ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (CNRIFFI) ვიცე-პრეზიდენტმა ადამ ჰუანგმა (Yutong Huang Adam), 6 შეხვედრა გამართეს ჩინეთის უმსხვილეს იმპორტიორებთან (Along Wine Industry Holding Co. Ltd და Jointek Fine Wines (Co Ltd)) და ბეჭდვითი მედიის China Wine News-ის წარმომადგენლებთან. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის Wechat-ის ფორუმის შეხვედრაში, სადაც 20-მდე კომპანია (დისტრიბუტორები, ასოციაციები, მედიის წარმომადგენლები) მონაწილეობდა.

„იმპორტიორებთან შეხვედრებზე განხილული იყო ქართული ღვინის პოტენციალი, იმპორტთან დაკავშირებული საკითხები და სავარაუდო ერთობლივი პროექტები. დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები კონკრეტული დეტალების შეთანხმების მიზნით. ამასთან ერთად, მიმდინარე წელს ბეჭდვით მედია China Wine News-ი მნიშვნელოვან ყურადღებას ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და პოპულარიზაციას დაუთმობს“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, შეიქმნება ქართული ღვინის პოპულარიზაციის Wechat-ის გვერდი, რომელიც გაერთიანდება ღვინის მოყვარულთა, ღვინის მწერლების, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ფორუმებსა და ჯგუფებში (ცნობისათვის ჩინეთში Wechat-ის 300 მლნ მომხმარებელია).

მაია ცქიტიშვილი და ადამ ჰუანგი ქალაქ პეკინში შეხვედნენ ასევე საქართველოში ჩინეთის საელჩოს კომერციულ და ეკონომიკურ მრჩეველს ლიუ ბოს, რომელსაც გააცნეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის საელჩო საქართველოში, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მიმდინარე წლის თებერვალის თვეში ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილს იკავებდა. სულ იანვარ-თებერვალში აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტირებულია 217 ათასი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 64%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

დამატებითი ინფორმაცია: Along Wine Industry Holding Co. Ltd - დაარსდა 1989 წელს. მთავარი საქმიანობა: შესყიდვები, სავაჭრო ქსელები და აგენტები. კომპანიის მფლობელობაშია 300 ღვინის მაღაზია. ფარავს 22 პროვინციას (მათ შორის: პეკინი, გუანჯოუ, შანხაი, ჩონცინ და სხვა); სამომავლო გეგმებში შედის 10 ათასამდე ღვინის მაღაზიის გაერთიანება ჩინეთის მასშტაბით. კომპანიის საქმიანობის 65%-ს ღვინის იმპორტი წარმოადგენს (დანარჩენი 35% სპირტიან სასმელებზე მოდის).
Jointek Fine Wines (Co Ltd) ეწევა 1300 სახეობის ღვინის იმპორტს 11 ქვეყნიდან და მოიცავს ჩრდილოეთ ჩინეთის 30 პროვინციას.

ქართული ღვინო