ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

ზოგადი

თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
27.02.2015

ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისა და საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ასოციაცია „ქართულ ღვინო“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.

„ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ წლების მანძილზე თანამშრომლობენ. მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება და მჭიდრო გახდება. ვისურვებდი, რომ მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უფრო მეტი საკითხი შევათანხმოთ ერთობლივად“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა მეუფე დავით ალავერდელმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები აღიარებენ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, როგორც ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს და გამოხატავენ მზადყოფნას, კოორდინირებულად იმუშაონ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის ცნობადობის ამაღლება, დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა, საქართველოში ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაძლიერება და სხვ.

აღსანიშნავია, რომ მევენახეობა-მეღვინოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ უკვე მრავალი წელია არაერთი მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობენ.

შეხვედრის ფარგლებში ასოციაციამ ღვინის სექტორში მოღვაწე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2014 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო.

ქართული ღვინო