ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ბოსტონში
ზოგადი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მასშტაბურად პირველად იყო წარმოდგენილი ქალაქ ბოსტონში გამართულ ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ღვინის გამოფენაზე Boston Wine Expo (აშშ).
გამოფენა Boston Wine Expo წელს 24-ედ ჩატარდა და მას ტრადიციულად ათასობით სტუმარი - ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. წელს გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
ქართულმა სტენდმა Boston Wine Expo-ის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 2015 წლის გამოფენაზე საქართველოდან მონაწილეობდნენ შემდეგი ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „ქინძმარაულის ღვინის მარანი“, „მუკადოვაინსი“, „ბადაგონი“, „მეღვინეობა ხარება“, „შატო მუხრანი“, GWS, “შუხმანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „ბაგრატიონი 1882“. ქართული ღვინის წარდგენაში მონაწილეობდა ცნობილი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი (Ms. Lisa Granik).
ბოსტონში ქართული ღვინის წარდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან გასულ წლებში ამერიკის შეერთებული შტატები გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით შესაძლებელია აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია აშშ-ში მეტი მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ამ ქვეყნის ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.