ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

იმპორტიორები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან

ღვინის ტური

იმპორტიორები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან
12.09.2018

ღვინის ამერიკელი იმპორტიორების ჯგუფი საქართველოს ეწვია, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის დამფუძნებლის, ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით.
ჯული პეტერსონის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტის გაზრდაა.
ვიზიტის დასაწყისში, თბილისში,  დეგუსტაცია "Speed tasting”, გაიმართა, სადაც 34 კომპანიის წარმომადგენელს  შესაძლებლობა მიეცა ღვინის პროფესიონალებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა, გასაუბრებოდნენ და მიეღოთ კონსულტაცია მათგან. დეგუსტაციის დროს ამერიკელმა იმპორტიორებმა ჯამში 100-მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს.
ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
„საქართველოს ისტორია, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ისტორია, შთამბეჭდავია. ხარისხი, რომელსაც ჩვენ ვაგემოვნებთ, საოცარია. არის  ყურძნის ჯიშების დიდი ნაირსახეობა და ასევე ღვინის წარმოებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის უზადო სიყვარული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავცდეთ საზღვრებს და ქართულის ღვინო გავიტანოთ აშშ-ს ბაზარზე“ - აღნიშნა ჯგუფის წევრმა ერიკ რიდმა. 
კიდევ ერთი ამერიკელი იმპორტიორი, ერიკ ჯოფთმანი ქართულ ღვინოს „საუცხოოს“ უწოდებს.
 „ის იდეა, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში, სადაც ეს საუცხოო ღვინო მზადდება და ადგილობრივი მეღვინეებისგან გვესწავლა ღვინის წარმოება, უბრალოდ საოცარია. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავთ საქართველოს, ვერ გაიგებთ იმ ხარისხს და ღვინის კეთებისადმი ადგილობრივების უზადო სიყვარულს, ასევე იმ სიამაყეს, რასაც ღვინის დაწურვისას აქ ხალხი განიცდის. ეს ნამდვილი გამონათებაა და ძალიან სასიამოვნო“ - აღნიშნა ერიკ ჯოფთმანმა.
ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალების  ვიზიტი   კახეთში, იმერეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს შემდეგ მწარმოებელ კომპანიებში: „იაგოს ღვინო“, „შატო მუხრანი“, GWS,  „სიმონ ჩხეიძის მარანი“, „ვარციხის მარანი/ჭოტიაშვილი“, „მეღვინეობა ხარება“, „VinePonto“, KTW, “ლაგვინარი”, “ხოხბის ცრემლები”, “კახური” და „გიუაანი“.
საქართველოს მეღვინეობის დარგთან შეთანხმებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 291 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებულ (ზრდა გასული წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით 2%-ია).

ქართული ღვინო