ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

რთველის მოსამზადებელი შეხვედრა თელავში

რთველი

რთველის მოსამზადებელი შეხვედრა თელავში
13.08.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი  2018 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების  ხელმძღვანელებს შეხვდა. 

თელავში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ასლანიშვილი დაესწრნენ.

გიორგი ხანიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებები და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის შემუშავებული პროგრამები გააცნო.

„სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია რთველის წარმატებულად ჩატარება. გასულ წლებში რთველის პროცესი საჭიროებდა დოტაციას. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ამის აუცილებლობა აღარ დგას,  ბიზნესი უბრუნდება სწორ ნიშნულს - მეწარმე და ფერმერი თავად შეთანხმდებიან ფასებზე. გაზრდილი ექსპორტი, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ქართული ღვინის გაზრდილი ცნობადობა - ეს ტენდენცია ასახულია ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ რთველი ჩატარდეს სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, რაც არის სწორი ბიზნეს-მოდელი“ - აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება ქართული ღვინის ხარისხზე გაამახვილა. გიორგი ხანიშვილის თქმით, სწორედ რთველის პროცესში გამართული აღრიცხვიანობაა ერთ-ერთი წინაპირობა ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, რთველის შტაბი აგვისტოს ბოლომდე გაიხსნება და დაიწყება რთველის პროცესში ჩართვის მსურველი კომპანიების რეგისტაცია. ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბი  24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. „საკოორდინაციო შტაბის ფუნქცია იქნება რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფა, რაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საწინდარია“ - აღნიშნა მან.

გელა სამხარაულის ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის პარალელურად, საქართველოში მზარდი ტურისტების რაოდენობა, ასევე ზრდის ღვინის მოხმარებაზე მოთხოვნას შიდა ბაზარზე, რაც არის ასევე წინაპირობა, რომ რთველი ჩატარდეს თავისუფალ საბაზრო პირობებზე დაყრდნობით. 

თავის მხრივ, კახეთის გუბერნატორმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში ყოველწლიურად იზრდება ახლადგაშენებული ვენახების ფართობები, რაც მიუთითებს მეღვინეობის დარგის მდგრადობაზე.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის რთველი დაფუძნებული იქნება სრულ საბაზრო ფასების პირობებზე და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.

ქართული ღვინო