2018 წლის 6 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა
ექსპორტი
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებითაც შენარჩუნებულია, რაც მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობის შედეგია. ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე როგორც ევროპისა და აზიის მიმართულებით, ისე აშშ-ში და სხვა ტრადიციულ ბაზრებზე.
2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 200% (130 638 ბოთლი), ჩეხეთი - 134% (30456), ყირგიზეთი 81% (140370), სამხრეთ კორეა - 78% (31650), ნიდერლანდები - 68% (38799), დიდი ბრიტანეთი - 67% (46782), გერმანია - 43% (286054), უკრაინა - 41% (4191217), ყაზახეთი - 42% (1652292), ლატვია - 32% (905982), პოლონეთი - 30% (1573328), რუსეთი - 24% (24022113), ესტონეთი - 22% (294900), ლიეტუვა - 9% (188052), აშშ - 7% (188762) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (24 022 113), უკრაინა (4 191 217), ჩინეთი (2 975 804), ყაზახეთი (1 652 292) და პოლონეთი (1 573 328).
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 23%-ით აღემატება გასული წლის 6 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ აშშ დოლარს მიღწია - ზრდამ 6% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 178 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 100%. სულ ექსპორტირებულია 530 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 116%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.