ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ახალი ღვინის ფესტივალი-2018

გამოფენა

ახალი ღვინის ფესტივალი-2018
12.05.2018

საქართველოს “ღვინის კლუბის“  ორგანიზებით, რიგით მე-9  „ახალი ღვინის ფესტივალი“ დღეს მთაწმინდის პარკში გაიმართა. ფესტივალში მონაწილე ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2017 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნებინეს. 
ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, საზეიმოდ გაიხსნა ქვევრი, გათამაშდა   ღვინის კასრები. წელს ქვევრში წარმოდგენილი იყო ღვინო გურიის რეგიონიდან - კობიძეების „ჩხავერი“.
ქვევრის გახსნის ცერემონიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორ გასულ წლებში, მხარდამჭერები ვართ „ახალი ღვინის ფესტივალის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს მცირე და საშუალო სეგმენტი. აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ წელს ფესტივალზე 70 ახალი ღვინის საწარმო არის წარმოდგენილი, ფესტივალს ესწრება უმრავი ტურისტი, უცხოელი და ქართველი ღვინის პროფესიონალი. დღევანდელი დღე ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ფესტივალს ღვინის პროფესიონალები და ღვინის თემით დაინტერესებული ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრნენ.
ფესტივალზე სულ წარმოდგენილი იყო 81 ღვინის კომპანია და 131 მცირე საოჯახო მარანი. შესარჩევი დეგუსტაციებისთვის  236 საოჯახო მარნის 422 ღვინო შემოვიდა. ფესტივალზე, ტრადიციულად  წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 100 საოჯახო მარანი, მაგრამ აქტივობა იმდენად დიდი იყო მარნების მხრიდან, რომ  ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით,  საბოლოოდ 131 საოჯახო მარანი შეირჩა. 
,,ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეებისა და სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს გაიმართა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობდა.
ფესტივალზე საკუთარი სტენდი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სადაც ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო-კვლევით ბაზაზე გაშენებული ქართული იშვიათი და უნიკალური ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. 
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს „ღვინის კლუბი“, მხარდამჭერები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია.   

ქართული ღვინო